ქურდობა

სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს

Getty Images

დილით სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს. აპარატის ცნობით, თანამშრომელს გორის ოფისის კარი გატეხილი და თავად ოფისი გაქურდული დახვდა. მათივე ინფორმაციით, წაღებულია ოფისის კუთვნილი ტექნიკა – პორტატიული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.

"უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და განმცხადებელს შორის არსებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს კონფიდენციალობას. შესაბამისად, კომპიუტერში არსებული მასალის რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს განმცხადებელთა ინტერესები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც ქვემო ქართლია", - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები