რუსული ოკუპაცია

"სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია" - ბერშუეთში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს

გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

მედიის, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა სოფელ ბერშუეთში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. "სახელმწიფო საზღვრამდე (როკის გვირაბი) 101 კილომეტრია" - აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ალტერნატიული ბანერი აღმართეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ოპოზიციის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლების რეაგირება ოკუპაციასთან დაკავშირებით უფრო მკვეთრი იყოს. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი კიკნაველიძის თქმით, „ოკუპაციის გაპროტესტება ღირსების საქმეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. 

"ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ დაიცვას ამ ადამიანების თავისუფლება და სიცოცხლე, რასაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ,“ - ამბობს კიკნაველიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა რურუას შეფასებით, „სრულიად სამარცხვინო და მავნებლურია ის მოღალატური პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს". მისი თქმით, “თითოეულ ადამიანს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, ევროპული, ტრანსატლანტიკური მომავალი რუსეთმა ვერ წაგვართვას".

სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე აღნიშნავს, რომ „საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო, მტკიცე რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ერთის მხრივ, ოკუპანტის მიერ და მეორეს მხრივ, იმ უმოქმედობის, მორჩილი მდუმარების მიმართ, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას". ხოლო, ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საზოგადოების აქტიურობა მაღალი იყოს

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი რამდენიმე დღის წინ გადმოწიეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რამდენიმე მაცხოვებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

კომენტარები