სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულება: მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო გლდანის #8 პენიტენციარულ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან/ბრალდებულებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, მოშიმშილე მსჯავრდებულები/ბრალდებულები სხვადასხვა მუხლების საფუძველზე იმყოფებიან პატიმრობაში და მათი პროტესტი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარეობს. 

"მოშიმშილეების ნაწილი არ აღიარებს ბრალს, მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას, ნაწილი - საქმის გადახედვას, ნაწილი კი პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, გლდანის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს და შემამსუბუქებელ გარემოებებს ითხოვენ. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს პატიმრების ახლობლებმა უთხრეს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ხუთი პატიმარი. 

"ისინი მოითხოვენ, თუკი კახა მამულაშვილს შეეხო შემამსუბუქებელი გარემოება, მათ მიმართაც გამოიყენოს პროკურატურამ იგივე ღონისძიება", - განაცხადა ინტერპრესნიუსთან მოშიმშილე პატიმრის ახლობელმა. 

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, 15 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები