ბირჟა მაფიას საქმე

"ბირჟა მაფიას" რეპერი არ გამორიცხავს, რომ ჯგუფის წევრები კვლავ დააკავონ

ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრები შესაძლოა ისევ დააკავონ. ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ქებურიამ დღეს მოძრაობა თეთრი ხმაურის წარმომადგენელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ქებურიასა და მისი ოჯახის წევრების თქმით, აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ იგეგმება პროვოკაცია და ამჯერად სხვა ჯგუფის მიერ იგეგმება მათთვის ნარკოტიკის ჩადება.

„იგეგმება ახალი პროვოკაცია გიორგის და მიშიკოს მიმართ, რომ მათ უნდათ, განმეორებით მოაწყონ ეს სანახაობა, კიდევ მოხდეს ჩადება, ოღონდ არა მათ მიერ, არამედ სხვა შერჩეული ჯგუფის მიერ, რომ თქვან, აი, ხედავთ, ჩვენ თუ ცუდები ვართ, ისინიც ცუდები არიან? ეს მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, მერწმუნეთ ამის საშიშროება არის, რადგან ისინი არიან კედელთან მიმწყვდეულები, მათ არ იციან რა გააკეთონ თავის გადასარჩენად, სამწუხაროა, რომ ერთი და იგივე ჯგუფი ფიგურირებს ყველა საქმეში, ერთი და იგივე გვარები, როგორც ესეც დამთხვევაა ბატონო მინიტრო?! ესეც თეორიული შესაძლებლობაა, რაზე ლაპარაკობთ თქვენ?!“- ამბობს ქებურიას დედა ლელა რეხვიაშვილი.

ქებურიას განმარტებით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც თუ მათ სხვა პოლიციელები დაიჭერენ საზოგადოებაში გაჩნდება ეჭვი, რომ ნამდვილად დამნაშავეები არიან. ქებურია შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ გამოძიების დასრულებამდე გაკეთებულ განცხადებებს მინისტრი მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„ინფორმაცია არსებობდა, რომ თავის გასამართლებლად და იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენ არ ვართ მარტო დამნაშავე, პოლიციელები და სხვა თუ დაიჭერს საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდება, რომ ესენი მართლაც ხომ არ არიან მომხმარებლები და ამ ეჭვების წარმოსაქმნელად მათ ესეთი გეგმა ჰქონდათ. მე ვთვლი, რომ მინისტრის განცხადება მათ წაახალისებს და ხელშეუხებლობის განცდას შეუქმნის. ის ძალიან ამაყად ამბობდა, რომ არავის არ შეჩერებია უფლებამოსილება, ისინი ისევ არიან სამსახურში და რომ ისინი არიან უდანაშაულოები, ამას ამბობს მინისტრი გამოძიების დასრულებამდე.  მე ახლაც კი არ გავაკეთებ ზუსტ განცხადებას, რომ მინისტრმა ეს იცოდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. უბრალოდ, მე ვთვლი, რომ მინისტრი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის გამოსვლას, როცა დაუმთავრებელი გამოძიების პირობებში აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვართ კრიმინალები და ის რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და ანტისისტემური ქმედება ჩვენი მხრიდან“- ამბობს გიორგი ქებურია.

მინისტრის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.

„ერთი თვის თავზე ჩვენ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ დაისჯებოდნენ ეს პოლიციელები, ეს დამნაშავე პოლიციელები, კრიმინალური ბანდა, რომელიც რაღაც შუასაკუნეობრივი და მაფიოზური მეთოდებით ახერხებს ხოლმე ანგარიშსწორებას არა მხოლოდ ამ საქმეში, არამედ სხვა მრავალ საქმეში. ნაცვლად იმისა, რომ გვეხილა ამ ადამიანების მიმართ ობიექტური გამოძიება , ჩვენ ვნახეთ შს მინისტრის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები.“

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ზოგადი განმარტება გააკეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

„სასამართლოს განაჩენი უდანაშაულოდ ცნობაზე არ ნიშნავს, რომ მოხდა რაღაც ჩადება, ეს პირდაპირ ამის ასე განმარტება არასწორი იქნება, მათ შორის სამართლებრივადაც.“- ამბობს ხუციშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "ბირჟა მაფიას" რეპერების დაკავების საქმეზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა და თქვა, რომ ჯგუფის კლიპი მთელი სისტემის დაკნინების მცდელობაა.

12 ივნისს "ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 50 000 და 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გამოსვლისას მგალობლიშვილმა სწორედ ამ სიმღერის რეჩიტატივი წაიმღერა, რის გამო დაკავებაზეც თავად საუბრობს.

სატირულ ჰიპ-ჰოპ პროექტ ბირჟა მაფიას წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს ნარკოტიკ MDMA-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლო პროცესებზე დაკავებულებმა დანაშაული გამორიცხეს და პოლიციელები "ფერადი შეფერილობის ტაბლეტების" ჩადებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, სამართალდამცველები ახსენებდნენ მათ კლიპს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე იდგა და თოკზე იყო გამობმული და ეუბნებოდნენ, რომ ამის გამო "ვიღაც ძალიან გაღიზიანდა". ასევე, ამბობდნენ, რომ მათ დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ, მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით, პარლამენტის ძველ შენობასთან მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა, რასაც მოჰყვა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის პოსტი ფეისბუქზე, სადაც მათ გათავისუფლებაზე მიუთითებდა. ამის შემდგომ, განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. მათ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 11 ივნისს პროკურატურამ სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები