ბირჟა მაფიას საქმე

პროკურატურა: ბირჟა მაფიას ორივე წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

მიხეილ მგალობლიშვილი (Young mic) და გიორგი ქებურია (Kay G)
Facebook/ Young mic

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ ბირჟა მაფიას ორივე წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 

გიორგი ქებურიას მიმართ დევნის შეწყვეტაზე განცხადება დღეს მისმა ადვოკატმა გააკეთა, თუმცა გაგი მოსიაშვილს მიხეილ მგალობლიშვილის საქმეზე ინფორმაცია არ ჰქონდა. 

უწყება გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ გამოძების შედეგად გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილის ბრალეულობის დასადასტურებელი "ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ იქნა მოპოვებული, რაც რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტისთვის". 

რეპ პროექტის, ბირჟა მაფიის წევრები, გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი 2017 წლის 7 ივნისს, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. ბრალი, დადასტურების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა. მათ  თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს ღონისძება გირაოთი შეცვალა. 

თავად რეპერები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს და რეალურად იმ კლიპისთვის დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული - ის მუხლებზე დგას და ყელზე საბელი აქვს შებმული. 

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მიმართ ძალადობრივი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. უწყება მიუთითებს, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას ქებურიას და მგალობლიშვილის დაკავების დროს გადაამეტეს.  

კომენტარები