ბირჟა მაფიას საქმე

პროკურატურამ "ბირჟა მაფიას" წევრის, გიორგი ქებურიას დევნა შეწყვიტა

პროკურატურამ რეპ ჯგუფის, Birja Mafia-ს ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, გამოძიებამ ეს გადაწყვეტილება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო მიიღო. მისივე განცხადებით, ქებურიას მიმართ დაკავების დროს შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე რამდენიმე პოლიციელის მიმართ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

„პროკურატურამ აქტიურად იმუშავა და ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდა გიორგი ქებურიას უდანაშაულობა. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი სისხლის სამართლის კანონმდებლობა გახდა. გიორგი ქებურიას საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

რაც შეეხება მეორე გამოძიებას, რომელიც დაწყებულია ცალკეულ პოლიციელთა მიმართ შესაძლო  დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება და იმედი მაქვს, რომ აქაც საგამოძიებო ორგანო მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამ შემთხვევაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება გიორგი ქებურიას წინააღმდეგ, გატარდება კანონის შესაბამისი პროცედურები", - ამბობს გაგი მოსიაშვილი.

"მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, გამოძიებამ დაადასტურა ჩემი უდანაშაულობა. იმედს ვიტოვებ, რომ მიშკა მგალობლიშვილის საქმეც იმავენაირად დასრულდება და ეს არის მხოლოდ დროის საკითხი, - თქვა გიორგი ქებურიამ.

ადვოკატის თქმით, ის ქებურიასთან ერთად დაკავებული მიხეილ მგალობლიშვილის საქმის მასალებს არ იცნობს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამოძიების ობიექტურობის იმედი აქვს.

ქებურიას და მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა, რაც, დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა. თუმცა, თავად რეპერები ამობდნენ, რომ რეალურად დაკავების მიზეზი მათი კლიპი გახდა, რომელშიც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული, ნარკოტიკები კი ჩაუდეს. 

მათ დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა, რის შემდეგაც დაკავებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები