ენერგეტიკა

მაისში საქართველომ 99.8%-ით განახლებადი ენერგიით მიღებული ელექტროენერგია მოიხმარა

facebook.com/minenergygovge

2017 წლის მაისში საქართველომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის თითქმის 100% განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით დაიკმაყოფილა. ამ პერიოდში საქართველომ ექსპორტზე გაიტანა ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 19%, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატებოდა. 

Galt & Taggart-ის ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ჰიდროგენერაციამ მთლიან მიწოდებაში 99.1% შეადგინა. ახალი ქარის ელექტროსადგურის გამომუშავების წილი მთლიან მიწოდებაში კი 0.7% იყო, ეს კი 99.8%-ია. დანარჩენი 0.2% თბოსადგურებსა და იმპორტზე მოდის. განახლებადი ენერგია სეზონურია და ის პიკს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში აღწევს, ზამთარში კი თბოსადგურებსა და იმპორტირებულ დენზე იზრდება მოთხოვნა.

მაისში ჯამური ჰიდროგენერაცია გაიზარდა მხოლოდ 1.3%-ით, ამავდროულად, ენგურის და ვარდნილის წარმოება შემცირდა 1.7%-ით, დანარჩენი რეგულირებული სადგურების კი 10.0%-ით, რაც ზამთრის პერიოდში (ოქტომბერი - აპრილი) ცუდი ჰიდროლოგიური პირობების შედეგად რეზერვუარებში წყლის დაბალი დონით აიხსნება. გარანტირებული სიმძლავრის საფასური შემცირდა წლიურად 12.9%-ით და შეადგინა 0.64 აშშ ცენტი კვტ.სთ.-ზე. 2017 წლის მაისში გარანტირებული სიმძლავრე ქსელს შესაბამისი სტატუსის მქონე თითქმის ყველა წყარომ მიაწოდა სრული თვის განმავლობაში, გარდა მე-3 ბლოკისა, რომელშიც რემონტი მიმდინარეობდა. 

ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში წინა წელთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა და 200.1 გვტ.სთ-ს შეადგინა. ექსპორტის ძირითად მიმართულებას (მთლიანის 42.1%) თურქეთი წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 38.1%-ითაა გაზრდილი, 2016 წლის შედარებით დაბალი ბაზიდან (-29.7% წ/წ). თურქეთის მიმართულებით უმსხვილესი ექსპორტიორები იყვნენ 89.0 მგვტ.-იანი ფარავან ჰესის მფლობელი, საქართველო ურბან ენერჯი (69.8%) და ახლადაშენებული, 47.5 მგვტ.-იანი ხელვაჩაური ჰესის მფლობელი კომპანია, აჭარ ენერჯი 2007 (22.5%). რუსეთის მიმართულებით ექსპორტი შემცირდა 22.6%-ით და ჯამური ექსპორტის 31.6% შეადგინა; ექსპორტი სომხეთში გაზრდილია 14.1%-ით და ჯამური ექსპორტის 25.8%-ს შეადგენს, ხოლო ექსპორტის დანარჩენი მოცულობა (0.5%) განხორციელდა აზერბაიჯანის მიმართულებით. რუსეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ესკო იყო ერთადერთი ექსპორტიორი, ხოლო სომხეთში ექსპორტი გაიყო ესკოსა (49.0%) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას (სსეკ) შორის (51.0%). ესკომ სომხეთში ექსპორტი განახორციელა 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ.  

შიდა მოხმარება მაისში წინა წელთან შედარებით 1.3%-ით არის გაზრდილი. თელასის მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 6.8%-ით, ენერგო-პროს აბონენტთა მოხმარება 5.5%-ით, ხოლო კახეთის ენერგოდისტრიბუციის 6.2%-ით გაიზარდა. აფხაზეთის რეგიონის მოხმარება მაისში 7.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მოხმარების 12.5% შეადგინა. ქვეყნის შიდა მოხმარების შედარებით დაბალი ჯამური ზრდის ტემპი (1.3% წ/წ) ძირითადად გამოწვეულ იქნა პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების 26.6%-იანი კლებით (-4.1 პროცენტული პუნქტი 1.3%-იან ზრდაში), რაც თავის მხრივ ჯორჯიან მანგანეზის ელექტროენერგიის მოხმარების 30.1%-იანი კლებით იყო გამოწვეული. მაისის თვეში ჯორჯიან მანგანეზმა შეამცირა წარმოების დონე, მას შემდეგ, რაც მთავრობამ კომპანიაში დანიშნა სპეციალური მმართველი.  

კომენტარები