ოკუპაცია

NGO-ები: პრინციპულად მნიშვნელოვანია გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები, გორში სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვას ეხმაურებიან და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები.

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, პოზიციის მობილიზაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც გამოიხატება ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავ ოკუპაციასა და მოსალოდნელ ანექსიაში.“- წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორის წევრები მიიჩნევენ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვა, რაც მსგავს კრიზისების დროს მათზე რეაგირების ქმედითი გეგმისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას გულისხმობს.“ - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშკარაა რუსეთის მიზანია მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება.

„მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვა. ამასთან, სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება. აღნიშნული ვითარება წარმოადგენს უაღრესად სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთის შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. რუსეთი აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმების და 2008 წლის 15 აგვისტოს შეთანხმების უხეშ დარღვევას. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება.“ - წერია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის: 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონ სოფელ ბერშუეთში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ორი დღის წინ აღმართეს. 

კომენტარები