ბლოგი

როგორ მილოცავენ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ქართველები

სამი წელია, რაც ამერიკაში არ აღმინიშნავს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. თავისთავად, ამ დღეს, ჩემი სამშობლო უფრო მენატრება. ეს არის მესამე 4 ივლისი საქართველოში და ისევ და ისევ მაოცებს ქართველების სტუმართმოყვარეობა.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე - 4 ივლისი ჩემთვის არის ეს: ყველაფერი დამშვენებულია წითლით, თეთრითა და ლურჯით, ოჯახის შეკრება და რაც, მგონი, ყველა დღესასწაულის ნაწილია - ბევრი ჭამა. კერძები დროშის ფერებს უხდება - საზამთრო, მოცვის ტორტი და ბარბეკიუს ყველანაირი ვარიანტი (მეტნაწილად ჩიზბურგერები და ჰოთ-დოგები.). ტეხასში, საიდანაც ვარ, ზაფხულში მაგარი სიცხე იცის. სიცხისგან დასაღწევად აუზში ცურვა ან უბრალოდ წუწაობა ძალიან პოპულარულია ამ დღეს. მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვჭამთ, ვსაუბრობთ და ქვეყნის ისტორიას ვიხსენებთ. ერთ-ერთი აუცილებლად იტყვის "მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ ამერიკაში ვცხოვრობ" ან "ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრესი ქვეყანაა!!!". მშვენიერ დღეს ვაგვირგვინებთ ფეიერვერკების ანთებითა და მისი ყურებით.

4 ივლისი საზღვარგარეთ, პირველად საქართველოში აღვნიშნე რამდენიმე წლის წინ. ჩემს სადღესასწაულო მომენტებს ვნატრობდი და აღნიშვნას არ ვგეგმავდი. დილიდან გამიკვირდა ის, რომ ჩემი ქართველი მეგობრები მირეკავდნენ და მილოცავდენ. არ დამავიწყდება ის კაცები, რომლებიც "ბირჟიდან" მეძახდნენ: "ამერიკანო?, ამერიკანო?". მივედი, ამერიკის სადღეგრძელო თქვეს და ქართული ღვინით სავსე ჭიქები მიაჭახუნეს. საზამთროც მაჭამეს (და იმედი არ ეწყინებათ ჩემს თანამოქალაქეებს) - ქართული საზამთრო ამერიკულს ბევრად ჯობდა.

დღესაც სტუმართმოყვარეობა და პატივისცემა დამახვედრეს. Facebook-ზე მრავალი კეთილი სიტყვა დაწერეს ამერიკელების მიმართ. სამსახურში რომ შევედი, "გილოცავო" მომესალმნენ. ასევე, ამ საღამოს ქართველი მეგობრების გამართულ ზეიმზე მივდივარ.

სტუმართმოყვარეობა არის ის, როდესაც სტუმარს თავს საკუთარ სახლში აგრძნობინებ. მიხარია ის, რომ ჩემი "მეორე სამშობლო" ისე მექცევა დღეს, რომ არ მომნატრებია პირველი.

ჩემს თანაამერიკელებს: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! ჩემს ქართველ მეგობრებს: გილოცავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ოცდახუთწლიან ურთიერთობას და დიდი მადლობა!

კომენტარები