დაზღვევა

კანონპროექტით სავაჭრო ცენტრების დაზღვევა სავალდებულო ხდება

ტაბულა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სავაჭრო ცენტრების და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების დაზღვევა სავალდებულო ხდება. ტაბულასთან საუბარში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდეველობის სამსახურის უფროსი კოტე სულამანიძე ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრები დღეისთვის დაზღვეულები არიან, ასევე დაზღვეული იყო ელიავას ბაზრობაზე ზოგიერთი ბიზნესი.

"საუბარია პასუხისმგებლობაზე, არის ადმინისტრატორი, რომელიც მართავს ბაზრობას/სავაჭრო ცენტრს, ამ ადმინისტრატორის ბრალეულობით თუ რაღაც მოხდა და ზიანი მიადგათ იქ მყოფებს, მოვაჭრეებსა თუ ფიზიკურ პირებს, თავისთავად სადაზღვევო კომპანია ამას აანაზღაურებს. ეს არის პასუხისმგებლობის დაზღვევა რა მიმართულებითაც მივდივართ ჩვენ. მოვაჭრეებზე არაა საუბარი, საუბარია ობიექტების ადმინისტრატორებზე, მათ უწესდებათ მესამე პირის წინაშე წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება", - ამბობს სულამანიძე.

კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს იმ ობიექტების ნუსხა, რომლებზეც სავალდებულო დაზღვევა გავრცელდება. იმის გამო, რომ სავაჭრო ობიექტებს დაზღვევის ვალდებულება გაუჩნდებათ არსებობს შესაძლებლობა, რომ ამან სავაჭრო ობიექტში ფართის რენტა გააძვიროს.

"კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი ხდომილებებისას როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან ქონებას, მოხდეს მიყენებული ზიანის მიტიგაცია და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა. როგორც ცნობილია, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში შესაძლო ფინანსური დანაკარგების მართვის მიღებულ საშუალებად მიიჩნევა დაზღვევა", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

კომენტარები