ჯარიმები

ოცნებამ აპრილში პარკირების ჯარიმის ზრდას, დღეს კი მის შემცირებას დაუჭირა მხარი

პარლამენტი

ქართულმა ოცნებამ 21 აპრილს მიღებული ცვლილებებით არასწორი პარკირებისთვის ჯარიმების 20 ლარამდე ზრდას დაუჭირა მხარი, ცვლილება ძალაში პირველ ივლისს შედის. როგორც ირკვევა ჯარიმის ზრდის გადაწყვეტილება ოცნების შეცდომას წარმოადგენდა, რის გამოსასწორებლადაც პარტიამ გაორმაგებული ჯარიმების ისევ განახევრებისთვის ახალი კანონპროექტი დაწერა.

რა შეცდომაზეა საუბარი? - ჯარიმების ზრდისას არსებობდა ვარაუდი, რომ ის ბიუჯეტის შემოსავლებს 5 მილიონი ლარით გაზრდიდა. თუმცა ეს ასე ვერ იქნებოდა, რადგანაც არასწორი პარკირებისთვის დაწერილ ჯარიმებს მოქალაქეები არა ბიუჯეტში, არამედ სითი პარკში იხდიან.

ქართული ოცნების წევრმა ილია წულაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ჯარიმები სითი პარკში მიდის გადაწყდა, რომ ჯარიმათა ძველი ოდენობები დაბრუნებულიყო. ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას შეფასებით კი ჯარიმების ზრდის თავდაპირველი გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ "მოსახლეობის ჯიბიდან მეტი ფულის ამოღებას ისახავდა". 

"მარტო ქართულ ოცნებას შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ ორი კვირის წინ რაც პოლიტიკური სისულელე გააკეთა ახლა ასწორებს და ამაყობს თუ როგორი მაგარია. თქვენ ის კი არ გაღელვებდათ, რომ ამ ადამიანებს გაზრდილი ჯარიმის გადახდა უწევთ, თქვენ მეტი ფულის ამოღება გინდოდათ როგორც ყველგან და ყველაფერში", - ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები