საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: ეროვნული უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯე

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ეროვნული უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯე, რომელიც სწორდება". მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემაზე.

„ერთმა ექსპერტმა დაამტკიცოს, რომ დღეს რამეს აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭო ჰიბრიდული ომების კუთხით. ეს კითხვა დავსვით ჩვენ შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე. ვერცერთი ე.წ. ექსპერტი ამას ვერ ამტკიცებს, იმიტომ, რომ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო არაფერს არ აკეთებს ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. ეს არის დღევანდელი რეალობა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემაზე. ნულოვანი იქნება ეს გავლენა.

ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ფუნქციებს. ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე და ესეც არის ერთ-ერთი სიმახინჯე კონსტიტუციის, რომელიც სწორდება.

ესენი არიან ე.წ. თავდაცვის ექსპერტთა თემი. რაღაც ტერმინებს იგონებენ. ადამიანები კითხვებს ვერ სვამდნენ კომიტეტის სხდომაზე და მათ, სამწუხაროდ, თავდაცვის ექსპერტები ეწოდებათ. ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციის მოწესრიგება. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი პროგრამული პასუხისმგებლობა. ეს დაპირება მივეცით ჩვენს ამომრჩეველს 2016 წლის არჩევნების წინ, რომ დაიხვეწებოდა ქვეყნის ძირითადი კანონი და ეს დაპირება დღეს სრულდება, როგორი ხელშემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს და ხელს ნამდვილად ვერავინ ვერ შეგვიშლის ამაში. ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. 115 მომხრე, 0 - წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, გაუქმდება პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭო ჩამოყალიბდება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

კომენტარები