აფგან მუხთარლის საქმე

საერთაშორისო ორგანიზაციები მუხთარლიზე: საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევაა

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცების შესახებ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ. 

საერთაშორისო ორგანიზაციები (Human Rights Watch; RSF; OMCT; FIDH და სხვ.) ამბობენ, რომ ისინი აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებით შეშფოთებულები არიან და საქართველოს იმ მოვალეობებს ახსენებენ, რომელიც მას გაეროს წინაშე აკისრია.

"აფგან მუხთარლი შესაძლოა, გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს ფაქტი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან საფრთხეში აგდებს ათობით აზერბაიჯანელ აქტივისტს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. ბევრი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი და სხვა სამოქალაქო აქტივისტი გამოიქცა აზერბაიჯანიდან ბოლო წლების განმავლობაში, რათა გაქცეოდნენ რეპრესიებს, მაგრამ ისინი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ხდებიან ძალადობის და დევნის მსხვერპლი. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ ახლა სამშობლოში უკანონოდ იძულებით დაბრუნების მუდმივი შიშით უნდა იცხოვრონ.

მაშინ, როცა აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვდა, იგი გაიტაცეს, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევაა. წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა აკრძალულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო. კონვენცია ავალდებულებს მის წევრ ყველა ქვეყანას, არ გააძევოს პირი, ექსტრადიცია ან დეპორტაცია არ მოახდინოს ადამიანის იმ ქვეყანაში სადაც მას ემუქრება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობა. ამდენად, საქართველოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება და აღკვეთოს ნებისმიერი იძულებითი ფორმით მათი სამშობლოში დაბრუნება. აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტი საქართველოს რეპუტაციას ლახავს,"- წერია საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებაში. 

მათი თქმით, საქართველოს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს მისი ისტორიული როლი და შეიფაროს აზერბაიჯანელი დისიდენტები. ამასთან, ისინი მიესალმებიან აფგან მუხთარლის "უკანონო გატაცების" ფაქტზე გამოძიების დაწყებას. 

"თუ დადგინდება რომელიმე ქართველი საჯარო მოხელის მონაწილეობა საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევის ფაქტში, უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს ყველა ბოლოდროინდელ რეზოლუციას უფლებადამცველების შესახებ. ცოტა ხნის წინ, საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უფლებადამცველთა რეპრესიებზე, ზეწოლასა და იძულებით გაუჩინარების ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველოს მზაობა, დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ამ ეტაპზე რისკის ქვეშ დგას," წერია განცხადებაში.

კომენტარები