აფგან მუხთარლის საქმე

აზერბაიჯანელი დეპუტატი: მუხთარლის დაკავება ქართულ მხარესთან ერთად მოხდა

აზერბაიჯანელი დეპუტატი ელმან ნასიროვი "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანულ გამოცემასთან საუბრისას, ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცება საქართველო-აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქართველოში თავის ირგვლივ შემოკრებილი ჰყავდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც აზერბაიჯანს საფრთხეს უქმნიდნენ, შესაბამისად, აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურებს "ასეთი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდათ". 

"ფაქტების ანალიზის შედეგად, ვხედავთ, რომ აფგან მუხთარლი ამ ქსელში გამორჩეული ფიგურაა. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მუხთარლისნაირი ადამიანები ირგვლივ შემოიკრიბა. ცხადია, მხოლოდ ის რომ ყოფილიყო, არანაირი საფუძველი არ იარსებებდა მისი ამ ფორმით დაკავების. უბრალოდ, უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, აფგან მუხთარლის დაკავება ასეთი ფორმით მოხდა. კიდევ ერთხელ, საქმე ეხება ქსელს, რომელმაც, შესაძლოა, აზერბაიჯანს დიდი პრობლემები შეუქმნას. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურებმა ეს ნაბიჯი გადადგეს. სამართალდამცველებმა დიდი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს,"- ამბობს აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ელმან ნასიროვი. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები