სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-მა თაღლითობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ჯ. თავს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა და საქართველოს მოქალაქეს კრწანისთან მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებაში დახმარებას დაპირდა, სანაცვლოდ კი, 20 000 აშშ დოლარი მოითხოვა.

"ამასთან განუმარტა, რომ მიწის დასაკანონებლად აღნიშნული თანხის ნაწილი უნდა გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე კომპეტენტური თანამდებობის პირებისათვის.

დავით ჯ-მ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

კომენტარები