აფგან მუხთარლი

პრეზიდენტი მუხთარლიზე: ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიებაზე ისაუბრა.

"სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა ადამიანი. მთელი საზოგადოება ბავშვს, რომ ფოკუსს აჩვენებენ ისე ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი A პუნქტში ქრება, B პუნქტში ჩნდება. ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ. არ ვიცი, ვის უნდა ვკითხოთ, კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას უნდა ვკითხოთ, რანაირად შეიძლება მოხდეს A პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და B პუნქტში გაჩენა. თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ამით სახელმწიფოს იმიჯი ილახება",-თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტების გამო სახელმწიფოს იმიჯი ილახება და ქვეყანა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმშია.

"დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. მეც, სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ. ფაქტთან მიმართებაში, რაც თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს უკავშირდება. ის ბრალდებები, რომელიც გაისმა საქართველოსთან მიმართებაში იქნას ადეკვატურად პასუხისგაცემული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს. თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებულ ჟურნალისტს აზერბაიჯანის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ მიუსაჯა. მუხთარლი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ გადაიყვანეს კურდახანის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

კომენტარები