აფგან მუხთარლი

ჯეჯელავა: აღმოჩნდა, რომ მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია, თუმცა, დაცვაშიც მუშაობდა

ალექსანდრე ჯეჯელავა

ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მისი გუშინდელი განცხადება განმარტა და თქვა, რომ აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია, თუმცა ის რადიო თავისუფლების უსაფრთხოების უფროსიც იყო.

"ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ ნამდვილად ჟურნალისტია, თუმცა, ამავე დროს ის რადიო თავისუფლების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც არის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც", - თქვა ჯეჯელავამ.

მინისტრი გამორიცხავს ქართველი ძალოვნებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მონაწილეობას მუხთარლის გატაცებაში.

"გამოვრიცხავ ქართველი ძალოვნების ან სხვა სახელმწიფო უწყებების მონაწილეობას ან თუნდაც ინფორმირებულობას ამ ფაქტთან დაკავშირებით - ეს სიცრუეა, რომელიც, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ვრცელდება. ეს ადამიანი, ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია საზღვრის უკანონო გადაკვეთის და კონტრაბანდის ბრალდებით. მთელი მთავრობა ძალიან აქტიურად ვართ ჩართული. უცხოელ სამართალდამცველებთან იგეგმება თანამშრომლობა - ევროპელებთანაც და ამერიკელებთანაც იმისთვის, რომ ყოველგვარი კიტხვის ნიშანი გამოირიცხოს ქართული სახელმწიფოს რაიმე სახის მონაწილეობის ამ ამბავში", - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

გუშინ ჯეჯელავამ ჟურნალისტებს მოუწოდა, გადაემოწმებინათ აფგან მუხთარლის საქმიანობა და ნამდვილად იყო თუ არა ის ჟურნალისტი.

"ისიც, რომ ჟურნალისტი იყო, ალბათ თქვენც უნდა გადაამოწმოთ, რადგან არის ინფორმაცია, რომ ის იყო რადიო თავისუფლების დაცვის თანამშრომელი, ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის", - თქვა გუშინ მინისტრმა.

კომენტარები