საკონსტიტუციო ცვლილებები

ბაქრაძე: პლებისციტის მოთხოვნით 100 000 ხელმოწერა შევაგროვეთ, დავეკითხოთ ხალხს

ევროპული საქართველო

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარების მხარდასაჭერად, 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს. მისი თქმით, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია - დავეკითხოთ ხალხს. ბაქრაძე მიმართავს ქართულ ოცნებას - "ნუ გაიხდით საქმეს ისე, რომ ბოლოს სანანებელი გახდეს". ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ინსტიტუტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობოები, პრეზიდენტი და უცხოელი პარტნიორები.

"ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ 100 ათას ოჯახში, ჩვენ შევაგროვეთ 100 ათასი ხელმოწერა და მიგვაჩნია რომ სწორედ ეს 100 ათასი ხელმოწერა ასახავს ქართველი ხალხის აზრს და არა ის იმიტირებული პროცესი, რომელსაც დღეს მართავს ქართული ოცნება დარბაზებში, საკუთარი აქტივისტების, გამგეობის თანამშრომლებით და ნათესავების მეშვეობით. ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას და როგორც კი პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტის შიგნით და როგორც კი განხილვები გაგრძელდება პარლამენტში, ჩვენ ამ 100 ათას ხელმოწერას და უფრო მეტსაც მივიტანთ პარლამენტში და შემდეგ იქნება „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი - გააგრძელებენ ისინი ყველას აზრის იგნორირებას თუ დაემორჩილებიან ხალხის ნებას" - თქვა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი.

"კონსტიტუცია არის საფუძველი მომავალი სტაბილურობის. სტაბილურობას სჭირდება, რომ კონსტიტუციას ეთანხმებოდეს საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მოქმედი ინსტიტუტები. დღევანდელ შემოთავაზებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ინსტიტუტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობოები, პრეზიდენტი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამიტომ, ამ კონსტიტუციის მიღება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მომავალი სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას - ნუ გაიხდით საქმეს ისე, რომ ბოლოს სანანებელი გახდეს. დავეკითხოთ ხალხს, ჩავატაროთ პლებისციტი და რასაც გადაწყვეტს ხალხი, დავემორჩილოთ ყველა პოლიტიკური პარტია. ეს არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან, როდესაც ნათლად ჩანს, რომ ერთ მხარეს იმყოფება ქართული ოცნება და მეორე მხარეს - მთელი დანარჩენი საზოგადოება" - განაცხადა ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები