საქართველო-თურქეთი

ომბუდსმენი: შეისწავლეთ მუსტაფა ჩაბუქის მიმართ თურქეთში შესაძლო წამების რისკი

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისა და თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, მისმა აპარატმა საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, შეისწავლოს ბრალდებულის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები.

"დაკავებულის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას აწამებენ, ვინაიდან, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მას რესპუბლიკის პრეზიდენტის და ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამასთან, 2016 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები და საერთაშორისო ორგანიზაციათა შეფასებები წარმოშობს ეჭვს, რომ დაკავებულის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევისა და წამების შესახებ, არ არის საფუძველს მოკლებული.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს, დაკავებულის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევას" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება. დაცვის მხარე კი, ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, სასამართლოს შეეძლო, ბრალდებულისთვის საზღვარგარეთის პასპორტი ჩამოერთმია, რის შედეგადაც, ჩაბუქი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ვერ შეძლებდა.

"ჩემზე ყველაზე მეტად იმან იმოქმედა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა მბრალდება. არც საქართველოში და არც თურქეთში ნასამართლევი არ ვარ, ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია, თურქეთში ახლა სამართლიანობა არ არის და ვთხოვ ქართულ მხარეს, არ გადასცეს ჩემი თავი თურქეთს, არანაირი შეტყობინება არ ჩამბარებია, რომ მივსულიყავი საგამოძიებო უწყებაში" - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის, ორი წელი - მუდმივად.

კომენტარები