საქართველო-თურქეთი

დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება. 

დაცვის მხარე კი, ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, სასამართლოს შეეძლო, ბრალდებულისთვის საზღვარგარეთის პასპორტი ჩამოერთმია, რის შედეგადაც, ჩაბუქი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ვერ შეძლებდა.

"ჩემზე ყველაზე მეტად იმან იმოქმედა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა მბრალდება. არც საქართველოში და არც თურქეთში ნასამართლევი არ ვარ, ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია, თურქეთში ახლა სამართლიანობა არ არის და ვთხოვ ქართულ მხარეს, არ გადასცეს ჩემი თავი თურქეთს, არანაირი შეტყობინება არ ჩამბარებია, რომ მივსულიყავი საგამოძიებო უწყებაში" - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის, ორი წელი - მუდმივად.

კომენტარები