NATO-ს სამიტი

ბრიუსელში NATO-ს სამიტში მონაწილეობას ტრამპი და მაკრონი პირველად მიიღებენ

დღეს, ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება.

NATO-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

გარდა ამისა, დღეს ალიანსის შტაბ-ბინა ახალ შენობაში გადავა.

სამიტზე ალიანსის წევრები ერთობლივი თავდაცვის ბიუჯეტისთვის მშპ-ის 2 %-იანი შესატანის საკითხს განიხილავენ.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საფრანგეთი და გერმანია დათანხმდებიან აშშ-ის გეგმას, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსის როლის გაზრდაზე, თუმცა, ეს გარკვეულწილად სიმბოლური ნაბიჯი იქნება.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, დღევანდელი სამიტი აჩვენებს ალიანსის ტრანსფორმირების უნარს ამ ცვალებად სამყაროში.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უკვე მოახდინეს ალიანსში მონტენეგროს მიღების პროტოკოლის რატიფიცირება და უკვე ივნისის დასაწყისში მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი გახდება.

კომენტარები