აუდიტის სამსახური

თორდია: ჩემ წინააღმდეგ კადრები პირადად ირაკლი შოთაძემ გაავრცელა, ეს არ შერჩება

ტაბულა

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას შეფასებით, ვიდეოკადრების გავრცელება მის წინააღმდეგ მიზანიმართული ქმედებაა. თორდიას თქმით, ვიდეომასალა, რომელიც ერთ-ერთ კაფეში ინციდენტს ასახავს, პირადად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გაავრცელა.

"ამ ვიდეოსთან დაკავშირებით პირველივე დღეებში გაისმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის და მისი ადვოკატების მხრიდან, ეს მუქარა აღასრულა ირაკლი შოთაძემ, რომლის ტელეფონშიც ინახებოდა ეს ვიდეოჩანაწერი და გავრცელდა იმ საკითხის გადასაფარად, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში ვმსჯელობთ. კერძოდ, საუბარია ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებაზე მერიასთან და მისი და რამდენიმე ადამიანის მიერ ჩემზე თავდასხმაზე. მთელი სახელმწიფო სტრუქტურა ჩართულია იმაში, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, იმისთვის, რომ შემდეგ თქვან, თითქოს მე მას თავი გავუტეხე. და ასეთ ფორმატში იქნება სულ ურთიერთობა" - ამბობს თორდია.

გენერალური აუდიტორი მთავარ პროკურორს მიმართავს, რომ მას ეს დანაშაული "არ შერჩება".

"პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული - ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება - არ შერჩება ასე მარტივად. მას ჰქონდა, მობილურში ეს ჩანაწერები და ანახებდა ხალხს, თუმცა, მაშინაც, როცა ეს მუქარა გაისმა, ვთქვი, რომ არ მეშინია არანაირი კადრების გავრცელების და მათ ეს აღასრულეს", - თქვა თორდიამ და აღნიშნა, რომ ინციდენტისას, რომელსაც კადრები ასახავს, არავინ დაშავებულა.

"არანაირი სროლა და მსგავსი რამ არ ყოფილა. თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდნია არც ერთ ადამიანს და ამაზე ვილაპარაკებ, როცა დამკითხავს ალბათ პროკურატურა“, - ამბობს გენერალური აუდიტორი.

კომენტარები