სამართალი

მიქაძე: მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელს შევიტან

kvira.ge

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გელა მიქაძე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მიქაძე ამბობს, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების სასამართლომ მის მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"ბრძოლას გავაგრძელებ და აუცილებლად შევიტან სარჩელს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მზად ვარ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოში, სადაც არსებობს სამართალი .... სადაც ჩატარდა პროცესი, მე ყველგან მოგებული მაქვს. მზად ვარ გავაგრძელო. სასამართლო ხელისუფლება არის ერთი ოჯახის ქვეშ და იქ გამოიტანენ გადაწყვეტილებას მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები - ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", - ამბობს დეპუტატი რუსთავი 2-თან საუბარში.

გელა მიქაძე აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმეების ხანდაზმულობა 5 წელიწადია და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაახსენდა მომჩივანს ბიზნესგარიგება 7 წლის შემდეგ.

"ორმა სუბიექტმა დააფუძნა კომპანია 2010 ან 2011 წელს, ზუსტი თარიღი არ მახსოვს. შემდეგ, მეორე მხარემ ეს კომპანია იყიდა. რას ეძახიან თაღლითურ ქმედებას მე არ ვიცი. სამეწარმეო დავები ასეთ შემთხვევაში, მისი ხანდაზმულობის ვადა ზოგადად 5 წელიწადია. ჩვენ ვსაუბრობთ 2010 ან 2011 წლის ბიზნესგარიგებაზე. თუ რაღაც გარიგება მოხდა 7 წლის წინ და მეორე მხარე თავს დაზარალებულად თვლის ამხელა თანხაზე, ეს გაახსენდა 7 წლის მერე? ეს ხომ ნონსენსია",- თქვა დეპუტატმა.

Gulf Business-ის ცნობით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სისხლის სამართლის სასამართლომ Ras Al Khaimah Investment Authority (RAKIA)- ს ყოფილ ხელმძღვანელ - ხატერ მასაადსა და კომპანიის ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს - გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე, პატიმრობასთან ერთად, გაერთიანებული საამიროების სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა მიქაძეს 12,8 მილიონი დოლარის, ხოლო გიორგი ჯანაშიას 4,4 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ გელა მიქაძეს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი იცავს.

კომენტარები