სამართალი

მიქაძე: სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება

parliament.ge

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გელა მიქაძე არაბეთის გაერთიანებული საამიროების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მას 17,2 მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში მიქაძე ამბობს, რომ არ იცოდა თუ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე მიმდინარეობდა.

"ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება“, - აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა გელა მიქაძემ.

Gulf Business-ის ცნობით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სისხლის სამართლის სასამართლომ Ras Al Khaimah Investment Authority (RAKIA)- ს ყოფილ ხელმძღვანელ - ხატერ მასაადსა და კომპანიის ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს - გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე, პატიმრობასთან ერთად, გაერთიანებული საამიროების სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა მიქაძეს 12,8 მილიონი დოლარის, ხოლო გიორგი ჯანაშიას 4,4 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ გელა მიქაძეს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი იცავს.

კომენტარები