სამართალი

დავით ბაქრაძეს მთავარ პროკურატურაში 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

იმედი მაქვს, პროკურატურამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არანაირი კანონდარღვევა ჩემი მხრიდან არ ყოფილა - ეს განცხადება დავით ბაქრაძემ მთავარი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და მისი მეუღლე კითხვებს მთავარ საგამოძიებო უწყებაში 6 საათის განმავლობაში პასუხობდნენ. ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის თანხა, რომლის დეკლარაციაში არ შეტანასაც მას ედავებიან, მისი მეუღლის მშობლებს ეკუთვნის.

„თანხას ჩემი შვილები მას შემდეგ მიიღებენ, რაც სრულწლოვნები გახდებიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება სადაოა, თუმცა იურიდიულად - სწორი. თანხის ბავშვებისთვის გადაცემა არის მათი ბაბუის სურვილი, მაგრამ მე ათი წლით ადრე არ შემიძლია ჩავწერო დეკლარაციაში ის, რაც ამ დროის შემდეგ მოხდება„ - აღნიშნა მან.

დავით ბაქრაძის ქონებრივ დეკლარაციაში არსებული შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ინფორმაცია მისი პირადი საფოსტო გზავნილების გახსნის შემდეგ გასაჯაროვდა. ბაქრაძე აღნიშნული საკითხის გამოძიებაც ითხოვს.

„სისულელეა ვივარაუდოთ, რომ ამის გაჟოვნა ბანკიდან მოხდა. წერილი ფოსტაში უკანონოდ გახსნეს და ნახეს, შემდეგ კი ვებგვერდზე მოგონილი მისამართით ატვირთეს. ეს დაახლოებით იმის მსგავსი სქემაა, რასაც ადგილი ჰქონდა სსხვა შემთხვევებშიც, როცა ინტერნეტში აუხსნელი ანგარიშებით და სახელებით კონფიდენციალური ინფორმაცია აიტვირთა. როგორც ჩანს, ეს არის ერთი კარგად დამუშავებული სქემა, თუ როგორ უნდა მოახდინო შენი ოპონენტების პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვება, მისი ვებზე ატვირთვა და შემდეგ ამაზე დაყრდნობით მათი დისკრედიტაცია. იმასთან ერთდ, რომ მე დავამტკიცო ამ თანხის სუფთა წარმომავლობა და ჩემი უდანაშაულობა, რასაც აუცილებლად გავაკეთებ, ასევე აუცილებლად გამოსაძიებელია ის, თუ ვინ დაარღვია ჩემი პირადი მიმოწერის უფლება და ვინ განათავსა პირადი ინფორმაციის შემცველი მასალა ვებგვერდზე."

პროკურატურა საქმეს ორი - დეკლარაციაში განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანისა და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის მუხლით იძიებს. ბაქრაძის ადვოკატის თქმით, უწყებას საქმის მასალების ნაწილი უკვე გადაეცა.

„ჩვენ წარვუდგინეთ გამოძიებას დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიჰყიდა ლერი მეტრეველმა მისი კუთვნილი სახლი შვეიცარიის საელჩოს, შემდეგ კი მიღებული თანხა როგორ გადასცა თავის ქალიშვილს და მის მეუღლეს, რათა ის გარკვეული დროით სანდო ბანკში შეენახათ. აღნიშნული თანხა დღესაც ლერი მეტრეველს ეკუთვნის. დაბით ბაქრაძს და მაკა მეტრეველის როლი შემოიფარგლა იმით, რომ ეს თანხა განათვსეს ანგარიშზე, რომლის განკარგვის უფლებაც მათ არ ჰქონდათ." - ამბობს გიორგი ჩივიაშვილი.

პროკურატურის მიერ 20 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, უწყება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის ანგარიშზე HSBC ბანკში არსებული თანხის, 276 849,89 გირვანქა სტერლინგის წარმომავლობას შეისწავლს.

 

კომენტარები