სამართალი

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს გაერთიანებულ საამიროებში 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

kvira.ge

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატ გელა მიქაძეს არაბეთის გაერთიანებული საამიროების სასამართლომ 17,2 მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Gulf Business-ის ცნობით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სისხლის სამართლის სასამართლომ Ras Al Khaimah Investment Authority (RAKIA)- ს ყოფილ ხელმძღვანელ - ხატერ მასაადსა და კომპანიის ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს - გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე, პატიმრობასთან ერთად, გაერთიანებული საამიროების სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა მიქაძეს 12,8 მილიონი დოლარის, ხოლო გიორგი ჯანაშიას 4,4 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.

საქმე 2010-2011 წლებში ფოთის საზღვაო პორტისა (იმ დროისთვის მისი 100% წილის მფლობელი RAKIA) და ახლად შექმნილი კომპანიის შ.პ.ს. Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებასა და შემდეგ მის გაუქმებას ეხება.

გაერთიანებული საამიროების პროკურატურის მტკიცებით, შ.პ.ს Raystar Trade-ს ბენეფიციარები გელა მიქაძე და გიორგი ჯანაშია იყვნენ, რომლის შესახებაც მხოლოდ ხატერ მასაადმა იცოდა. 

"სამივე მსჯავრდებულს ჰქონდა სრული ინფორმაცია, რომ Raystar Trade სარგებელს ვერ მოიტანდა, რადგან არანაირი გამოცდილება ჰქონდათ. ასევე, შეთანხმება მალევე გაუქმდებოდა. მათ გამიზნულად მიაყენეს ფულადი ზიანი RAKIA-ს",-წერია პროკურატურის განცხადებაში.

პატრიოტთა ალიანსის წევრის გელა მიქაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის 2007 წლის 17 მარტიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე არაბეთის გაერთიანებული საამიროებში რეგისტრირებული კომპანიის "ჰენკელ&ბეიკერის“ პარტნიორი იყო. ასევე, 2007 წლის 5 მაისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე საქართველოში რეგისტრირებული შპს "რაკ კერამიკს ჰოლდინგის" პარტნიორი. დეკლარაციის მიხედვით, მიქაძეს 2016 წელს არცერთი კომპანიისგან შემოსავალი არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ გელა მიქაძეს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი იცავს.

კომენტარები