ე.წ. ციანიდის საქმე

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს 19 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ნეტგაზეთი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 19 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ცნობისთვის, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის დაცვის მხარე დარბაზიდან გააძევა და ბრალდებულ დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.

გიორგი მამალაძის უფლებადამცველებმა საჩივარი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეიტანეს. 

ადვოკატების განცხადებით, მათ სხდომა დეკანოზის თხოვნის შემდეგ დატოვეს, რომელიც დარბაზიდან ასევე პროტესტის ნიშნად გავიდა. მოგვიანებით კი მოსამართლემ, მათი გაძევების ოქმი შეადგინა და დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ე.წ ციანიდის საქმის დახურვის შემდეგ, ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს.

:სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება"- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები