აუდიტის სამსახური

პროკურატურამ ფარცხალაძის საკითხზე აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა. შესაბამისი წერილი პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს გადაუგზავნა.

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა ხსენებულ უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც შეეხება ქ. თბილისის მერიის მიერ, 2016 წლის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას.

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ მედიაში გააკეთა არაერთი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. 

მიუხედავად არაერთი განცხადებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გაუსაჯაროებია აღნიშნული მასალები და რეაგირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის არ გადაუგზავნია.

ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, თავად გამოითხოვოს აღნიშნული მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს. თორდიას თქმით, დასკვნის მიხედვით, მერიამ ფარცხალაძის კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. გენერალური აუდიტორი დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს და დასკვნის პროკურატურისთვის გადაგზავნას გეგმავს.

ლაშა თორდია მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის რამდენიმე დღის წინ კაფე ”ელ ცენტროში” მომხდარი დაპირისპირების მიზეზად სწორედ აუდიტის აღნიშნულ დასკვნას ასახელებს.

კომენტარები