ზოოპარკი

მგლები და დათვები ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები იქნებიან

ზოოპარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება. პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან. ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. გახსნის ოფიციალური ცერემონია 18 მაისს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე გაიმართება (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია). 

ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი.


ფოტო: ზოოპარკი

"ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება - ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა - დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება; არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის; დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა", - ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. მათი ვოლიერიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შენდება.

ადმინისტრაციის ცნობით, ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები