თავდასხმა

პრეზიდენტი: ხალხი ვერ იგრძნობს თავს დაცულად, თუ თანამდებობის პირს თავს ესხმიან

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მიშველაძის თქმით, თუ არ მოხდება საქმის დროული გამოძიება, საფრთხე შეექმნება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტი უაღრესად შემაშფოთებელია. კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს და კითხვებს აჩენს გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარეშე საფრთხე შეექმნება, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ, ეფექტურ ფუნქციონირებას და, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნებათ დაცულობის განცდა მაშინ, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირზე ხორციელდება თავდასხმა და ანგარიშსწორება. ასევე, გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ინციდენტიდან 4 დღის თავზე საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი", - ამბობს მიშველაძე.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

კომენტარები