თავდასხმა

ნადირაშვილი: თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას

ირმა ნადირაშვილი
ტაბულა

ევროპული საქართველო ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეს პროკურატურა ობიექტურად ვერ გამოიძიებს.

"ისეთ ვითარებაში, როდესაც ფარცხალაძე არის პროკურატურის არაფორმალური მმართველი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სახლში სტუმრობს მეგობრული ვიზიტებით ყოფილ გენერალურ პროკურორს, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია მისი ქმედებების გამართლებაში, ევროპული საქართველო თვლის, რომ ობიექტური გამოძიება პროკურატურის მხრიდან არ მოხდება და ეს საქმე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს", - ამბობს ნადირაშვილი.

ევროპული საქართველოს ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ უპასუხა და თქვა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ქმედების განხორციელებიდან ერთ ან ორ დღეში არ იქმნება.

"საგამოძიებო კომისია არ იქმნება ფაქტის ან კონკრეტული ქმედების განხორციელებიდან პირველ ან მეორე დღეს. დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. ყველა დაიკითხება ვინც ამ ფაქტში მონაწილეობდა და კონკრეტული სურათი უნდა გვითხრას გამოძიებამ. ისე, რომ ცალმხრივად, ერთი ადამიანის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ვერდიქტი გამოვიტანოთ, ეს ყველაფერს ეწინააღმდეგება",- ამბობს ბესელია.

ახალი საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ტერიტორიის დატოვებას გეგმავს. მისი თქმით, ფარცხალაძის ქვეყნიდან გამგზავრება მაშინ დაიგეგმა, როდესაც მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სტუმრობდნენ.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. თორდიას დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

კომენტარები