ლაშა თორდიას საქმე

საია: ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლაშა თორდიას გამოძიების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც შეაფერხებს გამოძიების მიუკერძოებლად და სრულყოფილად ჩატარებას.

"საია მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ აღწერილი მოვლენების 126-ე მუხლით დაკვალიფიცირება სამართლებრივად არასწორია. იმისთვის, რომ ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, გადამწყვეტია გამოძიების თავიდანვე სწორი კვალიფიკაციით წარმართვა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომხდარზე სიმართლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები",-ნათქვამია საიას განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის განცხადების მიხედვით, აუცილებელია, რომ გამოძიება სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს.

"შინაარსისა და ჩართული მხარეების გათვალისწინებით, აღნიშნული საქმე სცდება ერთი სისხლის სამართლის საქმის მასშტაბს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ეფექტურად, მიუკერძოებლად და დაცული იქნეს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი, რომლის მიხედვითაც კანონი თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად - არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა",-წერია განცხადებაში.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

კომენტარები