ინფლაცია

მესამე თვეა, ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს აჭარბებს

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქსტატის მონაცემებით, აპრილში წინა წელთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 4%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.1% შეადგინა. აპრილში ფასების ყველაზე მაღალი - 17.6%-იანი მატება ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ამ სექტორში ფასების მატების მნიშვნელოვანი მიზეზი აქციზის გადასახადადის მატებაა. ასევე მაღალი - 14.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს სექტორში, აქაც ზრდა აქციზების მატებას უკავშირდება. სურსათის ღირებულება კი 7.6%-ით გაიზარდა. 

მაღალი ინფლაცია იყო თებერვალში - 5.5%, მარტსა - 5.4% და აპრილში - 6.1%. ყოველი ამ თვის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ სამიზნედ განსაზღვრულ 4%-ს აჭარბებს. სწორედ ამიტომ გუშინ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების შემცირებას ისახავს მიზნად.

საქართველოში ინფლაციის დონის მონიტორინგი ეროვნულ ბანკს ევალება. იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეზე მაღალია სებ-ი კომერციული ბანკებისთვის ლარის რესურსის მიწოდების ღირებულებას ზრდის, (რეფინანსირების განაკვეთს აძვირებს), რითიც ეკონომიკისთვის მისაწოდებელ საკრედიტო რესურსს აძვირებს, რასაც თავისმხრივ ქვეყანაში არსებულ ერთობლივ მოთხოვნაზე აქვს გავლენა. 2 მაისის სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით 7%-მდე გაზარდა, რასაც თავისმხრივ ინლფაციის გაზრდილი მაჩვენებლის შემცირებაზე დადებითი ეფექტი ექნება, თუმცა ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნის შემცირების გამო ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

თუ პირიქით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლებია ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მისაწოდებელ ფულად რესურსს (რეფინანსირების განაკვეთს) აიაფებს.


ფოტო: საქსტატი
 

კომენტარები