საკონსტიტუციო ცვლილებები

მსგავსება ქართული ოცნებისა და ფაშისტური იტალიის საარჩევნო სისტემებს შორის - VIDEO

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ" ვიდეოკლიპი წარადგინა, რომელშიც პარალელია გავლებული "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემასა და ფაშისტური იტალიის საარჩევნო სისტემას შორის.

"1923 წელს იტალიაში ე.წ. აჩერბოს კანონი მიიღეს. პარტია, რომელიც 25%-ს აიღებდა, პარლამენტში ადგილების 2/3-ს იკავებდა, სხვა პარტიების ხმების ხარჯზე. ასე გაიმყარა მუსოლონიმ ფაშისტური მმართველობა. ეს კანონი 1946 წელს გაუქმდა.

2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ისევ 5% რჩება. ხოლო იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს, თუნდაც არჩევნებში მხოლოდ 25% მიიღოს, ისე, როგორც ფაშისტურ იტალიაში იყო 94 წლის წინ", - ასეთი ტექსტი აქვს ვიდეოკლიპს.

კლიპის პრეზენტაციამდე კომენტარი გააკეთა მოძრაობა თავისუფლებისთვის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

"რა თქმა უნდა, დღევანდელი საქართველო არ არის 30-იანი წლების ფაშისტური იტალია - მუსოლინის რეჟიმი, არც ივანიშვილია მუსოლინის იდენტური, მაგრამ ისტორიული პარალელი ზოგჯერ არის სასარგებლო, რათა კარგად დავინახოთ, რა ინსტინქტები ამოძრავებს დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას - ეს არის საკუთარი ძალაუფლების და კომფორტის გახანგრძლივება ხალხის ინტერესების ხარჯზე", - თქვა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიამ კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის კამპანიაზე, რომელიც პარტიამ დაიწყო.

"როგორც იცით ევროპულმა საქართველომ დაიწყო დღეს კარდაკარი და ჩვენი აზრით, ძალიან მარტივია - იმ საკითხზე, რომელზეც არ არსებობს კონსენსუსი, რამაც უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მრავალი წლით, უნდა ვკითხოთ ხალხს.

ეს არის ძალიან მარტივი აზრი და ჩვენ მოისმინეთ ძალიან შეურაცხმყოფელი პოზიცია ოცნების ლიდერებისა, რომ ისინი ქართველ ხალხს არ ენდობიან და მიაჩნიათ, რომ ქართველ ხალხს არ ესმის, რა სჭირდება მას. ეს არის ივანიშვილის გუნდის საკვანძო გზავნილი. სწორედ ამიტომ მათ დემოკრატიული გზით უნდა გავცეთ პასუხი", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები