ტრანსფობია

შსს არ ამბობს, დაკავებულებს შორის არიან თუ არა ტრანსგენდერი ქალებიც

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ტრანსგენდერი ქალის სახლთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ დაკავებულების იდენტიფიცირების უფლება არ აქვთ, შესაბამისად, ვერ ადასტურებენ, დაკავებულებს შორის არიან თუ არა ტრანსგენდერი ქალებიც.

ღამით, უცნობმა პირებმა ტრანსგენდერი ქალის სახლს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი კარის შემტვრევა სცადეს - ინფორმაცია ტაბულას ტრანსგენდერმა ქალმა, მარია კასენკომ მიაწოდა.

ტაბულასთან საუბრისას, კასენკომ აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად, მისი ორი მეგობარი ტრანსგენდერი ქალი დააკავეს, თუმცა მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

მარია კასენკოს ცნობით, გამოძახებულმა პოლიციამ მათ სათანადო დახმარება ვერ გაუწია, რადგან სახლის ირგვლივ მეზობლები შეგროვდნენ და პოლიციელებს თავდამსხმელების დაკავების საშუალება არ მისცეს. კასენკო ყვება, რომ ერთერთი ტრანსგენდერი ქალი იმის გამო დააკავეს, რომ ადვოკატის გარეშე შედგენილ ოქმს ხელს არ აწერდა. ხოლო რაც შეეხება მეორეს, კასენკოს ცნობით, პოლიციელმა ერთერთ თავდამსხმელს ურჩია, რომ თვითონაც ეჩივლა ტრანსგენდერი ქალისთვის და, შესაბამისად, მასზეც აღიძრებოდა საქმე. 

კასენკო ყვება, რომ პოლიციელები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ტრანსგენდერი ქალები ძალის უხეში გამოყენებით დააკავეს.

დაკავებული პირების მიმართ საქმე აღძრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები