პლებისციტი

კობახიძე: პლებისციტით ხალხმა შეიძლება სიკვდილით დასჯის აღდგენაც აირჩიოს

ტაბულას კითხვაზე: "რატომ ეწინააღმდეგებით და რატომ არ მოგწონთ პლებისციტის იდეა იმ თემებზე, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემის ცვლილებები?" , კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევნები არის საკითხი, რომლითაც მარტივად შეიძლება სპეკულირება. კობახიძემ თქვა, რომ თუ ვკითხავთ, ხალხი გადაწყვეტს, რომ არამარტო პრეზიდენტი, არამედ პრემიერიც და პარლამენტის თავმჯდომარეც თვითონ არიჩიოს.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პლებისციტი სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხსაც შეადარა.

"როცა საზოგადოებას ეკითხები, თუ როგორი წესი ურჩევნია, მარტივად ისმება კითხვა "გირჩევნია შენ აირჩიო თუ სხვამ აირჩიოს?". ასეთ დროს, ბუნებრივია, პასუხია, "მირჩევნია, მე ავირჩიო". ხალხი გეტყვით, რომ ურჩევნიათ, თვითონ აირჩიონ პრეზიდენტიც, პრემიერმინისტრიც და პარლამენტის თავმჯდომარეც, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივაწვდით საზოგადოებას სრულფასოვან ინფორმაციას მმართველობის სისტემაზე.

შეიძლება, განვითარებული ქვეყნებს ნაწილში პლებისციტით ხალხმა აირჩიოს, რომ მხარს უჭერს სიკვდილით დასჯის აღდგენას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს. არის გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც ხელისუფლებას აკისრია ადამიანის უფლებებთან მიმართებით, მმართველობის სისტემასთან მიმართებით და თავისი პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს კონსტიტუციურმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება", - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარისვე თქმით, სისტემაში, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული და იქნება ჩამოყალიბებული ახალი რედაქციით, უმჯობესია, პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით.

მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპულმა საქართველომ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას მოთხოვნით პრემიერმინისტრს გასულ კვირას მიმართა. დავით ბაქრაძის თქმით, ხვალიდან პარტია კარდაკარის პრინციპით, პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის გამოკითხვას იწყებს.

კომენტარები