ავიაცია

აირზენა: ისეთი მონსტრები, როგორიცაა Turkish airlines-ი და Aeroflot-ი, დემპინგს იყენებენ

flickr.com/photos/picturejohn64

ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი - აირზენა" სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართავს. კომპანიის განცხადებით ქვეყანაში მოქმედი უცხოური "მონსტრი ავიაკომპანიები" ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებენ, რაც მათ საქმიანობას ურთულებს. დღეისთვის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი Turkish airlines-ია, რაც პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ საქართველო თითქმის ყველა მნიშვნელოვან ცენტრს ტრანზიტის მეშვეობით უკავშირდება, Turkish airlines-ი და სხვა ავიაკომპანიები კი მომხმარებლებს სწორედ ამ ტიპის ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს. აირზენამ საკუთარი facebook გვერდით განცხადება გაავრცელა:

"როდესაც ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწეობენ ისეთი მონსტრი ავიაკომპანიები როგორებიცაა "აეროფლოტი", "თურქიშ ეარლაინსი" და ა.შ. და ისინი სწორედ, მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ დემპინგური ფასებით ოპერირებას, ჩვენ მუდმივად გვიხდება მუშაობა არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. უფრ მეტიც, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც სარგებლობენ შეღავათებით, საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს.

გვსურს შევახსენოთ მათ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ არის ქართული ავიაკომპანია, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში ასობით მილიონი ლარი აქვს შეტანილი საქართველოს ბიუჯეტში და ამჟამად, ხუთასზე მეტი კვალიფიციური კადრი ჰყავს დასაქმებული. ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში კი ქართული ავიაცია უფრო სწრაფად განვითარდება და მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, "ჯორჯიან ეარვეისი" კვლავ აგრძელებს ფრენებს ვენის, ამსტერდამის, მოსკოვის, თელ-ავივის მიმართულებით და ამავდროულად, ჩვენი მგზავრების მოთხოვნის საფუძველზე ვამატებთ ახალ მიმართულებებს: ლონდონს, კიევს, პრაღას, პარიზს, ყაზანს და სოჭს.

ვთხოვთ ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს კონკურენციის სამართლიანი პირობები, დაიცვას ეროვნული ავიაცია განადგურებისგან", - წერია აირზენას განცხადებაში.

კომენტარები