ახალი კონსტიტუციის პროექტი

პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტზე: ყალიბდება არაკონკურენტული საარჩევნო სისტემა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა, ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოაცხადა.

"საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა. დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი, გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით - კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედაგად მოხერხდა.

შემოთავაზებულ მოდელში ბლოკების შექმნის აკრძალვით და ამ ფონზე 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებით, გამარჯვებული პარტიის მიერ გადაუნაწილებელი ხმების სრულიად უსამართლო მითვისებით, რეალურად ყალიბდება არაკონკურენტული საარჩევნო სისტემა, რაც მომავალში მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას კრიტიკულად ამცირებს, ხალხის განწყობის პროპორციულად ასახვას არ უზრუნველყოფს, საბოლოოდ კი, ქვეყანა ყალიბდება ფსევდოსაპარალამენტო რესპუბლიკად, სადაც იმის ნაცვლად, რომ პარტიები და პარლამენტი იყოს ძლიერი, ორივე შესუსტებულია" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუციით არ არის უზრუნველყოფილი ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაც, რაც ასევე წარმოადგენს საპარალამენტო რესპუბლიკის ერთერთ მთავარ მახასიათებელს.

"გარდა ამისა, წარმოდგენილ პროექტში უგულვებელყოფილია ამომრჩევლის უფლება - ხალხისთვის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის ნების წართმევით.

თუმცა კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რაც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის შედეგად, უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე. ქვეყანაში, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დგას ურთულესი რეგიონული გამოწვევების წინაშე, აღარ არსებობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის შექმნილი კონსტიტუციური ორგანო - უშიშროების საბჭო. შესაბამისად, ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს" - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტის შეფასებით, კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიაში ასევე გაუარესებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი.

"ეს გამოიხატება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესის შეცვლასა და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შენარჩუნებაში. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას" - თქვა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები