საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციის პროექტით, 5 წლით იზრდება პრეზიდენტის მინიმალური ასაკი და ის 40 წელი ხდება

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
Levan Gokadze / Wikipedia

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, 5 წლით იზრდება კანდიდატის პრეზიდენტად არჩევის მინიმალური ასაკობრივი ცენზი და ის 40 წელი ხდება. კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტი მინიმუმ 35 წლის უნდა იყოს. 

ამავდროულად, რაც უფრო მნიშვნელოვანია იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის წევრებს "ხმოსნები" ეწოდებათ და ისინი პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის წევრებისგან დაკომპლექტდებიან.

ასაკობრივ ცენზთან ერთად იცვლება პრეზიდენტობის კანდიდატისთვის დაწესებული მოთხოვნები, კონსტიტუციის პროექტში წერია:

"საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც."

კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კი წერია: 

"პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში."

ქვეყნების უმეტესობაში პრეზიდენტოს მინიმალური ასაკი 30 წლამდე (ხშირ შემთხვევაში 25 წელი) განისაზღვრება. აშშ-ში ის 35 წელია, რამდენიმე ქვეყანაში კი ის 40 წელია. 40 წელზე მაღალი ცენზი ქვეყნების მცირე ნაწილშია. მაგალითად ჩინეთში პრეზიდენტის მინიმალური ასაკი 45 წლით განისაზღვრება.

პრეზიდენტთან ერთად, იზრდება პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკობრივი ცენზი და ის 25 წელი ხდება. დღეს მოქმედი რედაქციით, დეპუტატის მინიმალური ასაკი 21 წლით განისაზღვრება. 

იცვლება დეპუტატთა არჩევის წესიც, მთავარი ცვლილება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიუხედავად კონსტიტუციაში იცვლება გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. ყველა გადაუნაწილებელი მანდატი გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას დარჩება. 

მოძრაობა თავისუფლების - ევროპული საქართველო პრემიერს მიმართავს ინიციატივით, რომ ჩატარდეს პლებისციტი და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს ეთანხმება თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებას. 

კომენტარები