დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე: ბრალდება სრულიად მცდარია

დეკანოზი გიორგი მამალაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება მცდარია. დეკანოზის თქმით, ის სასამართლოზე ეცდება, დაამტკიცოს, რომ ციანიდის შოვნა პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

"მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ ბრალდება სრულიად მცდარია და ეს გამოჩნდება, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს... თუ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს იოტისოდენა სამართალი, ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ", - თქვა დეკანოზმა.

გიორგი მამალაძეს პატრიარქთან შეხვედრა სურს. "ჩემდამი წაყენებულ ბრალდებებზე სასაუბროდ რასაკვირველია, არ მოვაცდენ მის უმწინდესობას, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. აქ საქმე ეხება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში არსებულ პრობლემებს. არის რაღაცა, რაზე საუბარიც აუცილებლად უნდა შედგეს, ეკლესიის ინტერესი უპირველესია", - ამბობს ის.

რაც შეეხება საქმის მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძეს, დეკანოზის მოსაზრებით, მას "საზოგადოებაში თავის გამოჩენა სურს, როგორც გმირსა და მხსნელს. სამწუხაროდ, ირაკლი მამალაძის ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს."

დეკანოზი გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაა დაკავებული.

კომენტარები