სოფლის მეურნეობა

მთავრობის ინიციატივით, თესლის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

20th Century Fox

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ მომზმადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სასოფლო სამეურნეო კულტურების თესლის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. ინიციატივის მიხედვით, არასერტიფიცირებული თესლის რეალიზაცია დასჯადი ხდება, ფულადი ჯარიმა კანონპროექტის მიხედვით 1000 ლარამდე განისაზღვრება.

"საქართველოში არ არსებობს მეთესლეობის სქემა და სათესლე და სარგავი მასალების ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობის კონტროლის სისტემა. შედეგად კი, მივიღეთ ის, რომ თესლის მწარმოებელი პირები არ იცავენ არანაირ ნორმებს, ვინაიდან არ გააჩნიათ ამის ვალდებულება და საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე წამყვან პოზიციებს დაბალხარისხიანი თესლი იკავებს",- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

თესლის სერთიფიცირებას სახელმწიფო უწყებები მოახდენენ, პროექტის მიხედვით, 2018-2019 წლებში სერთიფიცირება უფასო იქნება, 2019 წლიდან კი ფასიანი, თუმცა ამ დროისთვის მოსაკრებლის ღირებულება უცნობია. კანონპროექტის მიხედვით იგეგმება "თესლის ეროვნული კატალოგის" შექმნა, სადაც გასავრცელებლად დასაშვები თესლი შეინახება. 

იმის შესამოწმებლად თუ რეალურად ბაზარზე გამოიყენება თუ არა სერტიფიცირებული თესლი სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სპეციალურ საველე გასვლებს ჩაატარებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით აღნიშნული საველე სამუშაოები ბიუჯეტს განსაკუთრებული მოცულობის თანხა არ დაუჯდება:

"მაგალითად, 50 ჰა-ზე დათესილი სათესლე ხორბლის საველე ინსპექტირებისთვის საჭიროა დაახლოებით 250-300 ლარი (მივლინებისა და საწვავის ხარჯი)", - წერია განმარტებით ბარათში.

დამრღვევ სუბიექტებს კი ჯარიმებს სურსათის ეროვნული სააგენტო გამოუწერს. 

კომენტარები