საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობის პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებით მომსახურებისთვის 7 აპრილს ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 80 ათასი ლარია.
დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამე კორპუსის რეკონსტრუქციას და კორპუსის მიმდებარედ ნიუსრუმის ახალი შენობის აშენებას გეგმავს, რომლის პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებით კონსულტაციებისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
მიმწოდებელმა მომსახურება სამ ეტაპად უნდა განახორციელოს:
პირველ ეტაპზე - შემსყიდველის მოთხოვნების დეტალური შესწავლა, გაანალიზება და შემსყიდველთან შეთანხმებით საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა რაც ითვალისწინებს - ტექნიკური დავალების, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრას, კონკურსის სავარაუდო ღირებულების დადგენას და სხვა ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენის ეტაპზე სხვა რჩევა-რეკომენდაციების გაწევას.
მეორე ეტაპზე - კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება როგორც საკონკურსო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან ასევე მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ტექნიკურ ნაწილის დამუშავება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მიმწოდებლის მოვალეობები, გასაწევი მომსახურებების ჩამონათვალი და მოსაწოდებელი მასალები.
მესამე ეტაპზე - საპროექტო კონკურსში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების მკაცრი კონტროლი (მონიტორინგი) რაც თავის მხივ მოიცავს, როგორც ვადების ასევე მოწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისობას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან, რაც დადასტურებული უნდა იყოს წერილობითი აქტით.
ტენდერში მონაწილეობა მსურველებს 18-20 აპრილს შეეძლებათ.






