ბანკი ქართუ

ბანკი ქართუ ენმ-ს უჩივის და 30 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვს

ბანკმა ქართუმ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ქართუს განცხადებით, 6 აპრილს, ენმ-ის წევრებმა ნუგზარ წიკლაურმა და გიორგი ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა.

ბანკი ქართუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან, გიორგი ონიანისგან და ნუგზარ წიკლაურისგან 10-10 000-ლარიან კომპენსაციას, ჯამში, 30 000 ლარს ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ქართუს სარჩელს დააკმაყოფილებს, ბანკი მიღებულ თანხას სოლიდარობის ფონდში ჩარიცხავს.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ნუგზარ წიკლაური და გოგა ონიანი ივანიშვილის ბანკ ქართუს მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“ 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ.

"2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო "ქართუ ბანკში" და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს", - განაცხადა გოგა ონიანმა.

ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მძღოლების ინტრესებს სამართლებრივად დაიცავს". ასევე, თუ საჭირო გახდება, პარტია პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს.

კომენტარები