ბანკი ქართუ

ბანკი ქართუ პრობლემების შესახებ იტყობინება

ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სახელმწიფო იძულებითი მმართველობის დროს გაფორმებული საკრედიტო გარიგებები ბანკს პრობლემას შეუქმნის.

მედიასთან საუბარში ჯავახიშვილი ამბობს, რომ დროებითმა მმართველობამ ოთხ დეველოპელურ კომპანისთან 50 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმა, ბანკს ამ თანხების გაცემის შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომ, ხელშეკრულების შესრულების შემდეგ ის არალიკვიდური გახდება. ამას, შესაძლოა, მოჰყვეს მისი გადასვლა ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის მმართველობაში.

ჯავახიშვილის მტკიცებით, საკრედიტო ხელშეკრულებები საბანკო პროცედურების დარღვევით გაფორმდა. მისივე თქმით, ორშაბათს სასამართლოს მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართავს.

ბანკი ქართუს იძულებითი მმართველობის ქვეშ ორ კვირამდე პერიოდის მანძილზე იყო - მას სახელმწიფოს მიერ დანიშნული ვლადიმერ უგულავა მართავდა, რათა ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის დაფარვა უზრუნველეყო. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მოტივით ჯარიმის ანგარიშზე 80 მილიონი ლარი გადარიცხა, ბანკს სათავეში კვლავ ნოდარ ჯავახიშვილი ჩაუდგა.

 

კომენტარები