ბანკი ქართუ

ვერა ქობალია მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია, მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა. მისი განცხადებით, დაკითხვაზე მოწმის სტატუსით გამოძახებაზე უწყება არ მიუღია და ამის თაობაზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობეს. ქობალია მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მას, სავარაუდოდ,  ბანკ ქართუს საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.  ქობალიამ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევს დაკითხვაზე ყოფნა, ვინაიდან 5 თვის ორსულია და რთული ორსულობა აქვს. ამავე საქმეზე მოწმის სტატუსით უკვე სამი საათია კითხავენ ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს.

ბანკ ქართუს საქმეზე რამდენიმე დღის წინ განცხადება გაკეთდა შსს-ში. მათი ვერსიით, ბანკ ქართუს გაკოტრების მიზნით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა. შსს-ს განცხადებით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო' "საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და საქართველოს პრეზიდენტი".

სავარაუდოდ, ამ საქმეზე იყო დაბარებული დაკითხვაზე დღეს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც არ გამოცხადდა. მას დაკითხვაზე ხელმეორედ დაიბარებენ.

 

კომენტარები