ბანკი ქართუ

ქართუ: ენმ-ის ბრალდებები მორიგი ბოდვა და ცილისწამებაა, სასამართლოში ვუჩივლებთ

ბანკი ქართუს განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები "მორიგი ბოდვა და ცილისწამებაა". ქართუ აპირებს, ენმ-ს სასამართლოში უჩივლოს. 

"ქართულ საინვესტიციო ჯგუფ XXI-ს ბანკ ქართუში აქვს საკრედიტო დავალიანება, ოღონდ არა 6 მლნ, არამედ რამდენიმე ათეულჯერ უფრო ნაკლები. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულია უძრავი ქონება და ავტომობილები. 2016 წელს ამ კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი, რაც გულისხმობს ყველა კრედიტორის, მათ შორის ბანკის ჩართულობას დარჩენილი დავალიანების ამოსაღებად. ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად, სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნევლყოფილ საგნებს" - აცხადებს ქართუ და აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ბინძურ ტრადიციას".

"ისინი გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით, ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისთვის და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგენა" - ნათქვამია ქართუს განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ნუგზარ წიკლაური და გოგა ონიანი ივანიშვილის ბანკ ქართუს მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. დღევანდელ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“ 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ.

"2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო "ქართუ ბანკში" და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს", - განაცხადა გოგა ონიანმა.

ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მძღოლების ინტრესებს სამართლებრივად დაიცავს". ასევე, თუ საჭირო გახდება, პარტია პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს.

კომენტარები