თავისუფლების აქტი

სავაჭრო პალატა: კონსტიტუციის 94-ე მუხლის შენარჩუნება არსებითად მნიშვნელოვანია

ფადი ასლი ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალზე
facebook.com/iccgeorgia

საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, კონსტიტუციის 94-ე მუხლის, ანუ თავისუფლების აქტის შენარჩუნება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. სავაჭრო პალატა მიესალმება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოზიციას კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

სავაჭრო პალატის განცხადება კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით:

"სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება წინადადება, შეიცვალოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი და გაუქმდეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

საერთაშორისო სავაჭრო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ჩანაწერის შენარჩუნება არსებითად მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც უცხოური ინვეტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებისთვის, ვინაიდან სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის პროგნოზირებადობა და ხილვადობა გადამწყვეტი პარამეტრებია უცხოელი ინვესტორისათვის, თუ მან საქართველოში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. ამდენად, კონსტიტუციის 94 მუხლის უცვლელად შენარჩუნება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის უმნიშვნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.

შესაბამისად, საერთაშორისო სავაჭრო პალატა მიესალმება და მხარს უჭერს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ გაჟღერებულ პოზიციას გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შენარჩუნების თაობაზე", - წერია განცხადებაში.

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. უფლება ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

მთავრობამ თებერვალში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომლითაც დაწესდება ახალი ტიპის - საპენსიო შენატანის გადასახადი. ამ შემთხვევაში მოსახლეობა კარგავს უფლებას, აღნიშნული გადასახადის შემოღებას რეფერენდუმით დაუჭიროს ან არ დაუჭიროს მხარი.

კომენტარები