თავისუფლების აქტი

კონსტიტუციის 94-ე მუხლის, ანუ თავისუფლების აქტის დასაცავად აქცია იგეგმება

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის, ანუ თავისუფლების აქტის დასაცავად 8 აპრილს საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება. კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერით, მთავრობას არ აქვს უფლება, რეფერენდუმის გარეშე გაზარდოს ან შემოიღოს გადასახადები (გარდა აქციზისა). ამ აქციის მიზეზი ქართული ოცნების წევრთა, მათ შორის სოზარ სუბარისა, გია ჟორჟოლიანის განცხადებები გახდა. მათი შეფასებით, "კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის ადგილი არაა". ჩანაწერის გაუქმებას სავაჭრო პალატა და ბიზნესასოციაციებიც ეწინააღმდგეებიან.

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, როგორც ცნობილია, გია ჟორჟოლიანმა თავისუფლების აქტის გაუქმების ინიციატივა დააყენა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით კი, თავისუფლების აქტში შევა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც დაწესდება გამონაკლისი, რომლის მეშვეობითაც საპენსიო რეფორმისთვის დაწესებული შენატანები გადასახადებად აღარ ჩაითვლება.

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. უფლება ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

მთავრობამ თებერვალში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომლითაც დაწესდება ახალი ტიპის - საპენსიო შენატანის გადასახადი. ამ შემთხვევაში მოსახლეობა კარგავს უფლებას, აღნიშნული გადასახადის შემოღებას რეფერენდუმით დაუჭიროს ან არ დაუჭიროს მხარი.

კომენტარები