ქუთაისის აეროპორტი

პრემიერი: 364 დღეში სამგზავრო მატარებლები ქუთაისის აეროპორტში გაჩერდება

საქართველოს მთავრობა

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა დაიწყო. საქართველოს მთავრობის ცნობით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდება. 

"ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტაბელური "სტადლერის" მატარებლით. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ყველა მოგზაური აქედან რამდენიმე საათში შეძლებს, მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში - იქნება ეს ჩვენი მთის თუ ზღვის კურორტები", - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ქუთაისიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრა "ორიოდე საათის მანძილზე" იყოს შესაძლებელი - იქნება ეს კურორტები, ახლად აშენებული ამბროლაურის აეროპორტი, მესტიის თუ თელავის აეროპორტი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია სხვა მცირე აეროპორტების მშენებლობა და დაწყებულია პროექტირება სამხრეთ საქართველოში. 

გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დროის ათვლის დაფა ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაა მითითებული. პრემიერის განცხადებით, "364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი". 

კომენტარები