სამთავრობო ქალაქი

ჯეჯელავა სამთავრობო ქალაქზე: ისტორიულ შენობაში ვართ, ყველაფერი 5-ჯერ ძვირი გვიჯდება

ტაბულა

განათლების მინისტრი, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მისი სამინისტროს "სამთავრობო ქალაქში" გადატანას მიესალმება. ჯეჯელავას თქმით, უზნაძის ქუჩაზე მდებარე შენობას ისტორიული სტატუსი აქვს, ამიტომაც მისი შენახვა ბიუჯეტს ჩვეულებრივ ოფისთან შედარებით ხუთჯერ ძვირი უჯდება.

"გეტყვით, რომ ჩვენი შენობა წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს და ამით ძალიან ბევრი სირთულეები გვაქვს. ყველაფერი, რაც კი შეიძლება შეეხოს შენობას, ჩვენთვის არ შეიძლება და ამით ძვირდება ხუთჯერ მისი შენახვა, რადგანაც ძეგლთან გვაქვს საქმე. ასევე ჩვენი ქვეუწყებები სსიპ-ები გაფანტულია მთელ ქალაქში და ეს კომუნიკაციის, ტრანსპორტის პრობლემას გვიქმნის", - ამბობს ჯეჯელავა.

პრემიერმა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების ინიციატივა 23 მარტის მთავრობის სხდომაზე წარადგინა - "მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში, პრაქტიკულად, ყველა სამინისტრო მოიყრის თავს", - ამბობს პრემიერი. ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კი ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში, ბევრი სამინისტროს ადგილზე უმჯობესია სასტუმროები იდგეს. 

პროექტის ფინანსური ნაწილი:

პროექტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. პრემიერს არ უთქვამს, თუ რა დაჯდება სამთავრობო ქალაქის აშენება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, ამ პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული საერთოდ არაა. პროექტის დაფინანსება შესაძლოა, არსებული სამინისტროების შენობების პრივატიზაციით მოხდეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის, ინფორმაციით, რადგანაც ახალი შენობები ენერგოეფექტური იქნება, ამისთვის საქართველოს ევროკავშირის გრანტის მიღებაც შეეძლება. 

ორთაჭალაში, დღეის მდგომარეობით, სამი სამინისტროა განთავსებული, ესენია: ფინანსთა, გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც ოფისს ქირაობს, ეკონომიკის სამინისტროა. ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა კი გასხვისებულია, მასში ჩინური კომპანია ჰუალინგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს. 

სამთავრობო ქალაქში სავარაუდოდ 5-10 ათასმა ადამიანმა შეიძლება იმუშაოს.

კომენტარები